
კავკასიის მედიცინის ცენტრში ფუნქციონირებს რობოტული ქირურგიის ცენტრი, სადაც პაციენტებს მაღალტექნოლოგიური, ზუსტი და მინიმალურად ინვაზიური ქირურგიული მკურნალობა უტარდებათ. ჰოსპიტალში დანერგილია Toumai-ის უახლესი თაობის რობოტული ქირურგიული სისტემა. სისტემა აერთიანებს მაღალი გარჩევადობის 3D ვიზუალიზაციას და მრავალარტიკულაციურ ინსტრუმენტებს, რაც ქირურგს განსაკუთრებული სიზუსტით მუშაობის საშუალებას აძლევს ანატომიურად კომპლექსურ, რეკონსტრუქციულ და ონკოლოგიურ ოპერაციებში.
რობოტული ოპერაციები სრულდება უროლოგიის, გინეკოლოგიის, ზოგადი და თორაკალური ქირურგიის მიმართულებებით. ცენტრის მულტიდისციპლინურმა გუნდმა მრავალეტაპიანი საერთაშორისო მომზადება გაიარა. გუნდში შედიან ქირურგები, ანესთეზიოლოგები, საოპერაციო ექთნები და ოპერაციული პერსონალი. მომზადება მოიცავდა კლინიკურ ტრენინგს გერმანიაში, ლაიფციგის საუნივერსიტეტო კლინიკაში, და Toumai-ის მწარმოებელი კომპანიის, MedBot-ის, საერთაშორისო სასწავლო ცენტრის ოფიციალურ პროგრამას ჩინეთში.
რობოტული ქირურგიის დროს სისხლის დანაკარგი ნაკლებია და ჯანმრთელი ქსოვილები მაქსიმალურად ნარჩუნდება. მცირდება პოსტოპერაციული ტკივილისა და გართულებების რისკი, ხოლო პაციენტი ყოველდღიურ ცხოვრებას უფრო მოკლე დროში უბრუნდება.