მაია ანანიაშვილი – გამოცდილი ჰემატოლოგი და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის სპეციალისტი, კავკასიის მედიცინის ცენტრის ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ცენტრის ხელმძღვანელია. მაია კავკასიის მედიცინის ცენტრს 2023 წლიდან შემოუერთდა და აქტიურად ეწევა კლინიკურ და აკადემიურ საქმიანობას, მოწინავე საერთაშორისო გამოცდილების საფუძველზე.
სამედიცინო განათლება მიიღო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, სადაც 2005 წელს დაამთავრა სამკურნალო ფაკულტეტი. ჰემატოლოგიაში, ონკო-ჰემატოლოგიასა და ტრანსფუზიოლოგიაში სახელმწიფო სერტიფიკატი 2012 წელს მოიპოვა. პროფესიული კვალიფიკაციის გაღრმავებისთვის მონაწილეობა მიიღო არაერთ საერთაშორისო ტრენინგში, მათ შორის: 2016 წელს იტალიაში, Ferrara-ს უნივერსიტეტში ჰემატოლოგიისა და სისხლის კოაგულაციის თეორიულ და პრაქტიკულ კურსებში; 2019 წელს ვერონას Azienda Opspedalliera Universitu-ის ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის განყოფილებაში; 2023 წელს კი ინდოეთში, Max Super Specialty Hospital-ში.
მაია ანანიაშვილი აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო სამედიცინო კონფერენციებში და არაერთი პროფესიული გაერთიანების წევრია. მათ შორის ევროპის ჰემატოლოგთა ასოციაციის (EHA) და ევროპის ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ასოციაციის (EBMT), ასევე, “Women in Lymphoma” კომიტეტის აქტიური მონაწილე.
მისი პროფესიული საქმიანობა მოიცავს როგორც კლინიკურ, ისე სამეცნიერო და საგანმანათლებლო მიმართულებებს. იგი მოწვეული ლექტორია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და საქართველოს უნივერსიტეტში. მაიას არაერთ საერთაშორისო კონგრესსა და კონფერენციაში აქვს მონაწილეობა მიღებული, მათ შორის 2018 წელს მიუნხენში გამართულ ESMO-ს კონგრესში. 2021-2022 წლებში გაიარა ლიმფომის მიმართულებით კვალიფიკაციის ამაღლების სპეციალური პროგრამა და მიიღო Certificate of Competence in Lymphoma (CCL5).
კლინიკურ პრაქტიკაში მაია ანანიაშვილი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის განვითარებასა და ინოვაციური მკურნალობის მეთოდებზე. მისი მიზანია, თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების დანერგვით, პაციენტებს უმაღლესი ხარისხის ჰემატოლოგიური მომსახურება შესთავაზოს.