03 აგვისტო 2026

რობოტული ქირურგიის ცენტრი

Image alt text

JCI აკრედიტებულ კავკასიის მედიცინის ცენტრში რობოტული ქირურგიის ცენტრი გაიხსნა!

 

კავკასიის მედიცინის ცენტრში ოფიციალურად ამოქმედდა Toumai-ის უახლესი თაობის რობოტული ქირურგიული სისტემა, რომელიც პაციენტებს მსოფლიო სტანდარტების შესაბამისად, მაღალტექნოლოგიური, ზუსტი და მინიმალურად ინვაზიური ქირურგიული მკურნალობის შესაძლებლობას სთავაზობს.

 

როგორც JCI-ის საერთაშორისო აკრედიტაციის მფლობელი ჰოსპიტალი, მრავალპროფილური კავკასიის მედიცინის ცენტრი მუდმივად ნერგავს თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიებსა და მტკიცებულებებზე დაფუძნებულ კლინიკურ პრაქტიკას, რომლის მთავარი მიზანი პაციენტის უსაფრთხოება, მკურნალობის საუკეთესო შედეგი და მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებაა. Toumai-ის რობოტული სისტემა აერთიანებს მაღალი გარჩევადობის 3D ვიზუალიზაციას, მრავალარტიკულაციური ინსტრუმენტების გამოყენებით კი ქირურგს განსაკუთრებული სიზუსტით მუშაობის შესაძლებლობას აძლევს ანატომიურად კომპლექსურ, რეკონსტრუქციულ და ონკოლოგიურ ოპერაციებში.

 

რობოტული პროგრამის დანერგვას წინ უძღოდა მრავალეტაპიანი საერთაშორისო მომზადება. უროლოგიურმა გუნდმა, დავით ნიკოლეიშვილის ხელმძღვანელობით, გერმანიაში, ლაიფციგის საუნივერსიტეტო კლინიკაში (Universitätsklinikum Leipzig) გაიარა ხანგრძლივი და ინტენსიური კლინიკური ტრენინგი, რომლის ფარგლებში დაეუფლა თანამედროვე რობოტული უროლოგიური ოპერაციების სრულ სპექტრს მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან რეფერალურ ცენტრში. პარალელურად, უროლოგიის, გინეკოლოგიის, ზოგადი და თორაკალური ქირურგიის გუნდებმა, ანესთეზიოლოგებმა, საოპერაციო ექთნებმა და ოპერაციულმა პერსონალმა, Toumai-ის მწარმოებელი კომპანიის — MedBot-ის საერთაშორისო სასწავლო ცენტრის (ჩინეთი) ოფიციალური თეორიული და პრაქტიკული სასწავლო პროგრამა გაიარეს. ტრენინგი მოიცავდა რობოტული სისტემის უსაფრთხო გამოყენებას, Dry Lab-ისა და Wet Lab-ის პრაქტიკულ მოდულებს, ოპერაციული პროცესის ორგანიზებასა და მულტიდისციპლინური გუნდის კოორდინირებულ მუშაობას.

 

რობოტული ქირურგიის ძირითადი უპირატესობები:

 

• მაქსიმალური სიზუსტე და კონტროლი ოპერაციის დროს.

• მინიმალურად ინვაზიური ჩარევა, ნაკლები სისხლის დანაკარგი და ჯანმრთელი ქსოვილების მაქსიმალური შენარჩუნება.

• პოსტოპერაციული ტკივილისა და გართულებების შემცირებული რისკი.

• სწრაფი რეაბილიტაცია და ყოველდღიურ ცხოვრებაში უფრო მოკლე დროში დაბრუნება.

 

რობოტული ქირურგიული პროგრამა ხელმისაწვდომია შემდეგი მიმართულებებით:

 

 • უროლოგია: რობოტული ქირურგიის ცენტრის უროლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი დავით ნიკოლეიშვილი და მისი გუნდი 

• გინეკოლოგია: რობოტული ქირურგიის ცენტრის ონკო-გინეკოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი არჩილ შარაშენიძე და მისი გუნდი 

• ზოგადი ქირურგია: რობოტული ქირურგიის ცენტრის ონკოლოგიური და ზოგადი ქირურგიის მიმართულების ხელმძღვანელი ლექსო ლაგვილავა და მისი გუნდი 

• თორაკალური ქირურგია: რობოტული ქირურგიის ცენტრის თორაკალური ქირურგიის მიმართულების ხელმძღვანელი ირაკლი კობიძე და მისი გუნდი

სხვა სიახლეები