29 სექტემბერი 2026

გულის ჯანმრთელობის გზამკვლევი

Image alt text

ჩვენი გული უწყვეტ რეჟიმში მომუშავე ყველაზე საიმედო ძრავია. ის ყოველდღიურად დაახლოებით 100,000-ჯერ ფეთქავს და ორგანიზმში ათასობით ლიტრ სისხლს ტუმბავს — ყოველგვარი „შესვენების“ გარეშე.

 

ხშირად გვავიწყდება, რომ ამ მძლავრ ორგანოსაც სჭირდება ყურადღება.

29 სექტემბერი გულის მსოფლიო დღეა — თარიღი, რომელიც შეგვახსენებს: გულ-სისხლძარღვთა ჯანმრთელობა ჩვენი ყოველდღიური არჩევანის, სხეულის სიგნალების მოსმენისა და საჭირო დროს სწორი რეაგირების ერთობლიობაა.

 

 

სხეულის ენა: რა სიმპტომების დროს უნდა მივმართოთ ექიმს?

 

გულის დაავადებების მართვაში უმთავრესი იარაღი დროა. ჩვენი ორგანიზმი ხშირად წინასწარ გვაძლევს მინიშნებებს, რომელთა იგნორირებაც არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება.

 

ჩაეწერეთ კარდიოლოგთან კონსულტაციაზე, თუ შეამჩნევთ:

• გულისცემის რიტმის ცვლილებას: „ამოვარდნების“, უეცარი აჩქარების ან, პირიქით, ზედმეტად შენელებული გულისცემის შეგრძნებას.

• ქოშინს ჩვეულებრივი დატვირთვისას: თუ ადრე კიბეზე ასვლა არ გიჭირდათ, ახლა კი უჩვეულოდ სწრაფად იღლებით ან სუნთქვა გიმძიმდებათ.

• შეშუპებას ქვედა კიდურებში: კოჭებისა და წვივების პერიოდულ ან მუდმივ შეშუპებას (განსაკუთრებით დილის საათწბშივე)

• არტერიული წნევის ცვალებადობას: ხშირად მაღალ (140/90-ზე მეტი) ან დაბალ მაჩვენებლებს.

• უმიზეზო ქრონიკულ დაღლილობას: გაუგებარ სისუსტესა და ენერგიის დეფიციტს ჩვეულებრივი დღიური რეჟიმის დროს.

 

 

🚨 დაუყოვნებლივ გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება (112), თუ ვლინდება:

• ძლიერი ტკივილი, ზეწოლა ან მოჭერის შეგრძნება მკერდის ძვლის უკან, რომელიც შესაძლოა გადადიოდეს მარცხენა მკლავში, მხარში, კისერში, ყბასა ან ზურგში.

• უეცარი სუნთქვის უკმარისობა და ჰაერის დეფიციტი სრულ მოსვენებულ მდგომარეობაშიც კი.

• უეცარი ძლიერი თავბრუსხვევა, კოორდინაციის დაკარგვა ან გონების დაბინდვა/დაკარგვა.

• ცივი ოფლი, მკვეთრი სისუსტე და გულისრევის შეგრძნება.

 

ოქროს წუთები: როგორ დავეხმაროთ ოჯახის წევრს გულის შეტევისას?

 

გულის შეტევის (მიოკარდიუმის ინფარქტის) დროს ყოველი წამი გადამწყვეტია. თუ ამჩნევთ, რომ გვერდით მყოფს საგანგაშო სიმპტომები აქვს, იმოქმედეთ სწრაფად და ცივი გონებით:

1. დაუყოვნებლივ დარეკეთ 112-ში: მკაფიოდ აუხსენით ოპერატორს სიმპტომები და ზუსტი მისამართი.

2. მიეცით სხეულს სწორი პოზიცია: დასვით ან დააწვინეთ პაციენტი ნახევრად მჯდომარე მდგომარეობაში (ზურგი წამოწეული, თავი და მხრები დაყრდნობილი, მუხლები ოდნავ მოხრილი) — ეს საგრძნობლად ამცირებს გულზე დატვირთვას.

3. უზრუნველყავით ჟანგბადის ნაკადი: შეხსენით მჭიდრო ტანსაცმელი (საყელო, ქამარი) და გააღეთ ფანჯარა.

4. შეინარჩუნეთ სიმშვიდე: პანიკა ზრდის გულისცემას და ჟანგბადის მოთხოვნილებას. დაამშვიდეთ პაციენტი, რომ დახმარება გზაშია.

5. მედიკამენტები: თუ პაციენტს კარდიოლოგის მიერ უკვე დანიშნული აქვს ნიტროგლიცერინი, დაეხმარეთ 1 ენისქვეშა ტაბლეტის მიღებაში (არ მისცეთ ნიტროგლიცერინი, თუ ადამიანს წნევა დაბალი აქვს, ან ცნობიერება დაბინდული). თუ ალერგია არ აქვს, სასწრაფოს მოსვლამდე შესაძლებელია 1 ტაბლეტი ასპირინის (300 მგ) დაღეჭვა.

6. აკონტროლეთ მდგომარეობა: თუ ადამიანი კარგავს გონებას და წყვეტს სუნთქვას, დაუყოვნებლივ დაიწყეთ გულ-ფილტვის რეანიმაცია (მკერდის ძვლის ზეწოლები) მედიკოსების მოსვლამდე.

 

პრევენცია — საუკეთესო ინვესტიცია ჯანმრთელობაში.

 

სასახარბიელო სიახლე ის არის, რომ გულის დაავადებების უმეტესობის აცილება შესაძლებელია. ამისთვის არ არის საჭირო ცხოვრების რადიკალურად შეცვლა — მთავარია მცირე, მაგრამ სტაბილური ნაბიჯები:

 

• მოძრაობა რიტმში: დღეში 30-წუთიანი ზომიერი დატვირთვა — სეირნობა, მსუბუქი კარდიო თუ ვარჯიში — ამაგრებს გულის კუნთს, არეგულირებს წნევას და ამცირებს სტრესის ჰორმონებს.

• ჯანსაღი არჩევანი თეფშზე: ზეითუნის ზეთი, თხილეული, თევზი, ბოჭკოთი მდიდარი ბოსტნეული და მარილიან საკვებზე უარის თქმა სისხლძარღვების ელასტიურობის საუკეთესო გარანტიაა.

• ხარისხიანი დასვენება: ქრონიკული სტრესი და უძილობა გულს გადატვირთულ რეჟიმში მუშაობას აიძულებს. 7-8 საათიანი ძილი და სუნთქვითი ვარჯიშები პირდაპირ აისახება გულისცემის სტაბილურობაზე.

• მავნე ჩვევების უარყოფა: თამბაქოსა და ალკოჰოლზე უარის თქმა სისხლძარღვების დაზიანების რისკს მნიშვნელოვნად ამცირებს.

• მარტივი მონიტორინგი: წნევის, ქოლესტერინისა და გლუკოზის დონის პერიოდული შემოწმება უმარტივესი გზაა ნებისმიერი ცვლილების ადრეულ ეტაპზე აღმოსაჩენად.

 

იზრუნეთ გულზე დღესვე-

გულის მსოფლიო დღე საუკეთესო მიზეზია იმისთვის, რომ შეჩერდეთ, ღრმად ჩაისუნთქოთ და საკუთარს თუ საყვარელი ადამიანების ჯანმრთელობას დრო დაუთმოთ.