25 აგვისტო 2026

საზღვაო სეზონი და ინფექციები- რჩევები სოფო ნემსაძისგან

Image alt text

ზაფხულის შვებულება ზღვასთან, მზესთან და დასვენებასთან ასოცირდება, თუმცა წყლისა და ჰაერის მაღალი ტემპერატურა იდეალურ გარემოს ქმნის სხვადასხვა მიკროორგანიზმების გამრავლებისთვის. იმისათვის, რომ ნანატრი დასვენება ავადობით არ ჩანაცვლეს, მნიშვნელოვანია იცოდეთ, რას უნდა ერიდოთ და როგორ იმოქმედოთ ეფექტურად.

 

 ნაწლავური ინფექციები (როტავირუსი, ნოროვირუსი, სალმონელოზი, შიგელოზი და სხვა) - ზაფხულის ყველაზე არასასურველი (პოპულარული) სტუმრები სწორედ კუჭ-ნაწლავის ტრაქტს უტევენ.

 

  • გადაცემის გზა: დაბინძურებული ზღვის ან აუზის წყლის გადაყლაპვა, უმი ან თერმულად არასაკმარისად დამუშავებული საკვები, მათ შორის ხილი და ბოსტნეული, მალფუჭებადი პროდუქტები, რომელთა შენახვის წესები დარღვეულია.

 პირადი ჰიგიენის ნორმების დარღვევა:

 სიმპტომები: გულისრევა, ღებინება, დიარეა, მუცლის ტკივილი, ტემპერატურის მომატება.

 

 

 პრევენცია:

  •  ერიდეთ ზღვის წყლის გადაყლაპვას.

  •  ნუ შეიძენთ საკვებს (განსაკუთრებით ზღვის პროდუქტებს, ხორცს და კრემიან ნამცხვრებს) სანაპიროზე ღია დახლებიდან.

  •  ხშირად დაბანეთ ხელები საპნით, განსაკუთრებით ჭამამდე.

 ყურისა და თვალის ინფექციები ("მოცურავის ყური" და კონიუნქტივიტი) წყალში დიდხანს ყოფნა კანსა და ლორწოვან გარსს დამცავ ბარიერს უქვეითებს.

  • გარე ოტიტი ("მოცურავის ყური"): ყურის არხში ჩარჩენილი წყალი ბაქტერიების გამრავლებას უწყობს ხელს. იწვევს ტკივილს, ქავილსა და დახშობის შეგრძნებას.

  • მწვავე კონიუნქტივიტი: თვალის წვა, სიწითლე და ცრემლდენა ზღვის ან აუზის წყალში არსებული ბაქტერიებისა თუ ქლორის გაღიზიანების შედეგია.

 

 პრევენცია:

  • ცურვის შემდეგ ყური ფრთხილად გაიმშრალეთ პირსახოცით (არ გამოიყენოთ ბამბის ჩხირები სიღრმეში).

  • გამოიყენეთ ცურვის სათვალე და ყურის საცობები.

 

 კანისა და სოკოვანი ინფექციები სველი საცურაო კოსტიუმი და ცხელი ქვიშა სოკოვანი და ბაქტერიული ინფექციების საუკეთესო მოკავშირეა.

 

 პრევენცია:

  • წყლიდან გამოსვლისთანავე გამოიცვალეთ სველი საცურაო კოსტიუმი მშრალით.

  • ნუ დაჯდებით შიშველ ქვიშაზე ან შეზლონგზე — ყოველთვის გამოიყენეთ პირადი პირსახოცი.

  • აუზსა და საზოგადოებრივ საშხაპეებში იარეთ სპეციალური ჩუსტებით.

 

მტკიცებულებებზე დაფუძნებული ოქროს წესები: პირველი დახმარება

 

 ჰიდრატაცია უპირველეს ყოვლისა: დიარეის ან ღებინების დროს მთავარი საფრთხე ორგანიზმის გაუწყლოებაა. ზოგჯერ ჩვეულებრივი წყალი საკმარისი არ არის, გამოიყენეთ ორალური რეჰიდრატაციული მარილები (ელექტროლიტები), რომლებიც აღადგენს დაკარგულ ბალანსს.

  •  არ მიიღოთ ანტიბიოტიკები თვითნებურად: საზღვაო ინფექციების დიდ ნაწილს ვირუსები იწვევს, რომლებზეც ანტიბიოტიკი არ მოქმედებს და შესაძლოა მდგომარეობა გაუარესდეს კიდეც.

  •  სიცხის დამწევი: გამოიყენეთ პარაცეტამოლი ან იბუპროფენი დოზირების ზუსტი დაცვით.

 

როდის უნდა მიმართოთ ექიმს დაუყოვნებლივ?

 

  • შეუჩერებელი ღებინება (როცა პაციენტი მიღებულ სითხეს ვერ ინარჩუნებს).

  • გაუწყლოების ნიშნები (მშრალი ენა, შარდვის შემცირება/შეწყვეტა, ძლიერი სისუსტე, ძილიანობა ).

  • მაღალი ტემპერატურა, რომელიც 2-3 დღეზე მეტხანს გრძელდება.

  • განავალში ან ნაღებინებ მასაში სისხლის მინარევი.

  • მუცლის ძლიერი ტკივილი.