29 ივნისი 2026

ყველაფერი საშვილოსნოს კიბოზე

Image alt text

ივნისი საშვილოსნოს კიბოს ცნობიერების ამაღლების თვეა (Uterine Cancer Awareness Month), რომლის მიზანია საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდა დაავადების სიმპტომების, რისკ-ფაქტორებისა და ადრეული დიაგნოსტიკის მნიშვნელობის შესახებ.

 

საშვილოსნოს კიბო ერთ-ერთი ყველაზე ხშირად დიაგნოსტირებული გინეკოლოგიური ავთვისებიანი სიმსივნეა. მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თავისებურებაა, რომ დაავადება ხშირ შემთხვევაში ადრეულ ეტაპზევე იწვევს სიმპტომების გამოვლენას. სწორედ ამიტომ, დროული შეფასება და დიაგნოსტიკა მნიშვნელოვნად ზრდის წარმატებული მკურნალობისა და გამოჯანმრთელების შესაძლებლობას.

 

რა არის საშვილოსნოს კიბო?

 

საშვილოსნოს კიბო წარმოადგენს ავთვისებიანი სიმსივნეების ჯგუფს, რომელიც ვითარდება საშვილოსნოს ტანში. შემთხვევათა უმრავლესობაში სიმსივნე აღმოცენდება ენდომეტრიუმში  - საშვილოსნოს შიდა ლორწოვან გარსში, რის გამოც მას ხშირად ენდომეტრიუმის კიბოსაც უწოდებენ.

დაავადება ძირითადად პოსტმენოპაუზურ ასაკში გვხვდება, თუმცა შესაძლოა განვითარდეს რეპროდუქციული ასაკის ქალებშიც, განსაკუთრებით გარკვეული რისკ-ფაქტორების არსებობის შემთხვევაში.

 

რომელ სიმპტომებს უნდა მივაქციოთ ყურადღება?

 

საშვილოსნოს კიბოს ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია:

  • პოსტმენოპაუზური სისხლდენა;
  • მენსტრუაციებს შორის სისხლდენა;
  • გახანგრძლივებული ან ჭარბი მენსტრუაცია;
  • წყლისებრი გამონადენი;
  • ტკივილი მენჯის არეში.

 

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ნებისმიერი პათოლოგიური სისხლდენა საჭიროებს გინეკოლოგის კონსულტაციას, განსაკუთრებით მენოპაუზის შემდეგ. თუმცა, ეს სიმპტომი ყოველთვის არ მიუთითებს ონკოლოგიურ პროცესზე, რადგან სისხლდენის გამომწვევი ხშირია კეთილთვისებიანი მიზეზებიც, განსაკუთრებით რეპროდუქციული ასაკის ქალებში.

 

რისკ-ფაქტორები, რომლებიც ზრდის საშვილოსნოს კიბოს განვითარების ალბათობას:

 

  • ასაკი ≥55 წელი;
  • სიმსუქნე და მეტაბოლური სინდრომი;
  • ნულიპარიტეტი (ქალი, რომელსაც არასოდეს ჰქონია მშობიარობა);
  • პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომი (ქრონიკული ანოვულაცია);
  • ადრეული მენარქე (<12 წელი) და გვიანი მენოპაუზა (>55 წელი);
  • გენეტიკური წინასწარგანწყობა (საშვილოსნოს, საკვერცხის, ძუძუსა და მსხვილი ნაწლავის კიბოს ოჯახური ანამნეზი);
  • ესტროგენებით მონოთერაპია.

 

რისკ-ფაქტორის არსებობა არ ნიშნავს, რომ დაავადება აუცილებლად განვითარდება. ისინი მხოლოდ ზრდიან დაავადების განვითარების ალბათობას. შესაბამისად, რისკ-ფაქტორების მქონე ქალებისთვის მნიშვნელოვანია რეგულარული სამედიცინო მეთვალყურეობა და ნებისმიერი საეჭვო სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში დროული კონსულტაცია სპეციალისტთან.

 

დიაგნოსტიკა

 

დღესდღეობით საშვილოსნოს კიბოს დიაგნოსტირება ხშირად შესაძლებელია ადრეულ სტადიაზე, როდესაც მკურნალობის შედეგები და პროგნოზი ყველაზე კეთილსაიმედოა. დიაგნოზი ისმება პაციენტის ინდივიდუალური შეფასების, მორფოლოგიური და რადიოლოგიური კვლევების საფუძველზე.

 

თანამედროვე მკურნალობის შესაძლებლობები

 

საშვილოსნოს კიბოს მკურნალობა დამოკიდებულია დაავადების სტადიაზე, სიმსივნის ჰისტოლოგიურ ტიპსა და პაციენტის ზოგად მდგომარეობაზე.

 

თანამედროვე მედიცინაში გამოიყენება:

 

  • ქირურგიული მკურნალობა (ღია ან მინიმალურად ინვაზიური - ლაპაროსკოპიული და რობოტული - მიდგომით)
  • სხივური თერაპია;
  • ქიმიოთერაპია;
  • ჰორმონოთერაპია;
  • ტარგეტული და იმუნოთერაპია.

 

მკურნალობის საუკეთესო შედეგები მიიღწევა მულტიდისციპლინური გუნდის ჩართულობით, როდესაც გინეკოლოგი-ონკოლოგი, კლინიკური ონკოლოგი, რადიოლოგი, პათომორფოლოგი და, საჭიროებისამებრ, სხვა დარგის სპეციალისტები ერთობლივად ადგენენ თითოეული პაციენტისთვის ინდივიდუალურ მკურნალობის გეგმას.

 

 

ექიმის გზავნილი

 

ივნისი - საშვილოსნოს კიბოს ცნობიერების ამაღლების თვე - კიდევ ერთი შესაძლებლობაა, შევახსენოთ ქალბატონებს, რომ საკუთარი ჯანმრთელობისთვის დათმობილი დრო ყველაზე მნიშვნელოვანი ინვესტიციაა.

 

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ამჟამად საშვილოსნოს კიბოს სკრინინგული კვლევა (უსიმპტომო ჯანმრთელი ქალბატონების გამოკვლევა დაავადების ადრეული გამოვლენის მიზნით) არ არსებობს. სწორედ ამიტომ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ისეთი სიმპტომის დროულ შეფასებას, როგორიცაა პათოლოგიური სისხლდენა სასქესო გზებიდან და ექიმთან დროულ მიმართვას.

 

ამასთან, მინდა შეგახსენოთ, რომ საქართველოში მოქმედებს საშვილოსნოს ყელის კიბოს უფასო სახელმწიფო სკრინინგის პროგრამა, რომელიც 25–60 წლის ქალებისთვის მოიცავს პაპ-ტესტსა და HPV (ადამიანის პაპილომავირუსის) ტესტირებას შესაბამისი პროტოკოლის მიხედვით. რეგულარული სკრინინგი საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის და ადრეული გამოვლენის  ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა.

 

მოხარული ვარ, რომ კავკასიის მედიცინის ცენტრი ჩართულია სახელმწიფო სკრინინგის პროგრამაში, რაც ჩვენს პაციენტებს შესაძლებლობას აძლევს, შესაბამისი კრიტერიუმების გათვალისწინებით ისარგებლონ სკრინინგული მომსახურებით.

 

დროულად დასმული დიაგნოზი ნიშნავს მეტ შესაძლებლობას, უფრო ეფექტურ მკურნალობას და უკეთეს პროგნოზს.

 

მთავარი შენი ჯანმრთელობაა. მთავარი შენ ხარ!

 

არჩილ შარაშენიძე
MD, PhD
ონკო-გინეკოლოგი
ონკო-გინეკოლოგიური ცენტრის ხელმძღვანელი