02 დეკემბერი 2025

ძილის აპნოე ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული, მაგრამ ხშირად შეუმჩნეველი დარღვევაა, რომელიც გავლენას ახდენს როგორც ძილზე, ისე ზოგად ჯანმრთელობაზე. ბევრმა შეიძლება არც კი იცოდეს ამ პრობლემის შესახებ, რადგან სიმპტომების დიდი ნაწილი სწორედ ძილის დროს ჩნდება. ამიტომ მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ საგანგაშო სიმპტომები და როდის არის საჭირო ექიმთან მისვლა.
პირველი და ყველაზე გავრცელებული სიმპტომია “ხშირი და ხმაურიანი ხვრინვა”. ცალკე აღებული ხვრინვა ყოველთვის არ ნიშნავს აპნოეს, მაგრამ თუ ხვრინვა თითქმის ყოველ ღამეა, თან ხმადაბალი კი არა, ნამდვილად ძლიერი — ეს შეიძლება ერთ–ერთი მნიშვნელოვანი მინიშნება იყოს.
მეორე—ყველაზე საგანგაშო ნიშანი — არის “სუნთქვის შეწყვეტის ეპიზოდები ძილის დროს”. ეს ის მდგომარეობაა, როცა ადამიანი რამდენიმე წამით, ზოგჯერ კი ათეულ წამამდეც, საერთოდ წყვეტს სუნთქვას. ხშირ შემთხვევაში ამას გვერდით მძინარე ამჩნევს — თითქოს სუნთქვა „გაჩერდა“, შემდეგ კი მკვეთრად ამოისუნთქა ან შეკრთა. ასეთ დროს ორგანიზმი ჟანგბადს ვერ იღებს, რაც პირდაპირ აზიანებს გულ-სისხლძარღვთა სისტემას, თავის ტვინს და სხვა მრავალ ორგანოთა სისტემას.
მესამე მნიშვნელოვანი სიმპტომია “მოულოდნელი და ხშირი გაღვიძებები ღამით”, როდესაც ადამიანს განცდა აქვს, თითქოს ჰაერი არ ეყო ან სუნთქვა გაუჭირდა. ზოგჯერ ეს შეგრძნება არც ახსოვთ, მაგრამ დილას თავს მაინც დაღლილად გრძნობენ.
დილით გაღვიძების შემდეგ ხშირია თავის ტკივილი, პირის სიმშრალე, მოთენთილობა.
ძალიან გავრცელებული და ყოველდღიურ ცხოვრებაში შემაწუხებელი სიმპტომია დღის მომატებული ძილიანობა — როცა ადამიანს სადილზე ჩაძინება შეუძლია, კონცენტრირება უჭირს, რეაქციის დრო უარესდება. ზოგისთვის მანქანის მართვაც კი საშიში ხდება, რადგან გზაშივე ეძინება.
ამ ყველაფერს ემატება გაღიზიანებადობა, სტრესისადმი მომატებული მგრძნობელობა და მეხსიერების პრობლემები. ერთი შეხედვით, რიგითმა ადამიანმა ეს ნიშნები შეიძლება საერთოდ ვერ დაუკავშიროს ძილს, მაგრამ მიზეზი სწორედ ღამით ჟანგბადის ნაკლებობაა.
ახლა კი — ყველაზე მნიშვნელოვანი: როდის მივმართოთ ექიმს?
თუ თქვენ ან თქვენს გვერდით მძინარეს შეამჩნიეთ ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომებიდან რამოდენიმე — განსაკუთრებით სუნთქვის შეწყვეტა, ხმაურიანი მუდმივი ხვრინვა და დღის ზედმეტი ძილიანობა — ექიმთან მიმართვა აუცილებელია. ასევე საეჭვოა, თუ დილაობით ყოველთვის დაღლილობა გაქვთ, თითქოს არ გიძინიათ, ან მუშაობისას მუდმივად „გეთიშებათ“ გონება.
ექიმთან დროული ვიზიტი მხოლოდ დიაგნოზისთვის არ არის მნიშვნელოვანი. ძილის აპნოე ზრდის არტერიული წნევის, გულის შეტევის, ინსულტის, დიაბეტის და სხვა სერიოზული გართულებების რისკს. ხშირად ადამიანები გვიან ხვდებიან, რომ წლების განმავლობაში მუდმივი დაღლილობა და ყურადღების პრობლემები სწორედ ამ მდგომარეობით იყო გამოწვეული.
საბედნიეროდ, დღეს არსებობს მკაფიო და ეფექტიანი მეთოდები — სპეციალური ძილის კვლევა - პოლისომნოგრაფია, რომლის დროსაც ხდება ძილის განმავლობაში თავის ტვინის აქტივობის, გულის, სასუნთქი და საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის პარამეტრების რეგისტრაცია. ეს კვლევა წარმოადგენს უნიკალურ შესაძლებლობას ორგანიზმში ძილის დროს განვითარებული ძვრების სინქრონული რეგისტრაციის, ანალიზის და დამუშავების. პოლისომნოგრაფია წარმოადგენს ოქროს სტანდარტს ძილის დარღვევების დიაგნოსტირებასა და ოპტიმალური სამკურნალო სტრატეგიების შერჩევაში.
სწორად შერჩეული მკურნალობის მეთოდი და საჭიროების შემთხვევაში პრეპარატების დანიშვნა, ძილის ხარისხს მნიშვნელოვნად აუმჯობესებს, ადამიანს ენერგიას უბრუნებს, ჯანმრთელობას უნარჩუნებს.
ამიტომაც, თუ საკუთარ თავში ან ახლობელში ამ ნიშნებიდან რომელიმეს ამჩნევთ, არ გადადოთ. მცირე ჩარევაც კი დიდ ცვლილებას მოიტანს — როგორც თქვენს კეთილდღეობაში, ისე ცხოვრების ხარისხში.