ზაფხული ბევრი ადამიანისთვის მზესთან და დასვენებასთან ასოცირდება. ხშირად ზაფხულობით ვცდილობთ ძალები აღვიდგინოთ, რომ კვლავ დავუბრუნდეთ ყოველდღიურ რუტინას. სწორ და დაბალანსებულ კვებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ჯანმრთელობის და ენერგიის შენარჩუნებაში. გიზიარებთ რამდენიმე რჩევას, რომელიც ზაფხულში სწორი კვების დაგეგმვასა და ცხელ დღეებში გემრიელად გაგრილებაში დაგეხმარებათ.
- ზაფხულში, როცა ცხელა და მწველი მზე ანათებს, ორგანიზმიდან გამოიყოფა ოფლი, ხდება მეტი აორთქლება და სითხის კარგვა, ვიდრე წლის სხვა ნებისმიერ დროს. გაუწყლოებამ კი შეიძლება ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა გამოიწვიოს. (უღონობა, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, გონების კარგვაც კი), ამიტომ აუცილებელია მივიღოთ ოთახის ტემპერატურის წყალი სათანადო რაოდენობით. ოპტიმალურია 30-35 მლ/კგ-ზე დღე-ღამეში. თუ ამას ემატება ფიზიკური აქტივობაც, სასურველია წყალი დამატებით მიიღოთ წყურვილის შესაბამისად. გაზიანი გამაგრილებელი სასმელებიდან უპირატესობა მიანიჭეთ მინერალურ წყალს, რომლითაც ასე მდიდარია ქართული ბაზარი.
- ზაფხულში განებივრებული ვართ სეზონური ხილით და ბოსტნეულით. აუცილებელია მათი ჩართვა დღიურ რაციონში, რადგან შეიცავს დიდი რაოდენობით ვიტამინებს, მიკროელემენტებს, ბოჭკოს და წყალს. ხასიათდება ანტიოქსიდანტური მოქმედებით, აჯანსაღებს იმუნურ სისტემას, ხელს უწყობს კუჭ-ნაწლავის გამართულ მუშაობას და საგემოვნო თვისებებთან ერთად გვეხმარება ცხელ დღეებში გაგრილებასა და წყლის ბალანსის აღდგენაში. მაგალითად საზამთროს შემადგენლობაში 90% წყალია. ის შეიცავს ასევე ვიტამინებს, მინერალებს და ბუნებრივ შაქრებს. არ უნდა დაგვავიწყდეს მისი კალორიულობაც - ყოველი 100გ დაახლოებით 30 კკალ შეიცავს. კენკროვანი ხილი ვიტამინების, განსაკუთრებით კი с ვიტამინის ბუნებრივი საბადოა. ხასიათდება პიკანტური საგემოვნო თვისებებით და დაბალკალორიულობით. მაგალითად ყოველი 100გ ჟოლო 18 კკალ შეიცავს. გაყინული სეზონური ხილის სმუზით ნაყინიც კი შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ.
- ზაფხულის სეზონური ბოსტნეულით შეგვიძლია მოვამზადოთ უამრავი ზაფხულთან ასოცირებული გემრიელი, დაბალკალორიული და ამასთანავე ჯანმრთელობისთვის სასარგებლო კერძი. ეს საუკეთესო პერიოდია მათთვის, ვისაც უყვარს კულინარიული ექსპერიმენტები ცოცხალი სალათების მოსამზადებლად. მაგალითად კიტრის 97% წყალია, მის ყოველ 100 გრამში 12 კკალორიაა. შეიცავს ასევე ვიტამინებს, მიკროელემენტებს და ბოჭკოს. პომიდვრის ყოველი 100გ შეიცავს 23 კკალ. მისი 85-96% წყალია, გამოირჩევა ვიტამინების, მინერალების და ბოჭკოს მაღალი შემცველობით.
- ზაფხულში საუკეთესო გამაგრილებელი საშუალებაა მაწონი. მისი ყოველი 100გ დაახლოებით 54 კკალ შეიცავს. არის ცილების, ცხიმის და ნახშირწყლების წყარო. მდიდარია ვიტამინებით და მინერალებით, აქვს ფერმენტული აქტივობა და ქმნის საუკეთესო გარემოს კუჭ-ნაწლავის გამართული მუშაობისთვის, იმ პირებში, რომლებსაც არ აღენიშნებათ ლაქტოზის აუტანლობა. მაწონი შეგიძლიათ მიირთვათ ვახშამზე, რადგან არის მსუბუქი, იოლად მოსანელებელი, ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ სალათებში მაიონეზის ნაცვლად. სეზონური ხილით და მაწვნით შეგიძლიათ მოამზადოთ იოგურტი.
სიცხეში დიდი რაოდენობით ოფლის გამოყოფის დროს სითხესთან ერთად ვკარგავთ მინერალებს, განსაკუთრებით კალიუმს. დანაკარგის სათანადოდ შესავსებად სასურველია სადილის დროს სალათებთან მივირთვათ ცოცხალი მწვანილი და წახემსების დროს თხილეული, რომელიც დიდი რაოდენობით შეიცავს არამხოლოდ მინერალებს და ვიტამინებს, ასევე არის უჯერი ცხიმოვანი მჟავების, მცენარეული ცილის და უჯრედისის ბუნებრივი წყარო.
გისურვებთ ჯანმრთელობას და ბედნიერ დასვენებას!