ჩვენი გუნდი
მარიკა თოიძე
სამკურნალო-დიაგნოსტიკური ცენტრის დირექტორი
მარიკა თოიძემ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი, რის შემდეგაც კვალიფიკაცია მილანის საუნივერსიტეტო კლინიკის შინაგანი მედიცინისა და კარდიოლოგიის დეპარტამენტებში აიმაღლა. მან პროფესიული მოღვაწეობა თბილისის N4 საავადმყოფოს თერაპიულ განყოფილებაში დაიწყო, შემდეგ კი გაემგზავრა აშშ-ში, სადაც ჩააბარა ამერიკის ექიმთა სალიცენზიო გამოცდები და მოღვაწეობდა ნიუ-იორკში, ვეილის სამედიცინო კოლეჯის ბაზაზე კორნელ-კოლუმბიის პრესბიტერიანული ჰოსპიტლის სხვადასხვა განყოფილებაში. იმავე ბაზაზე მონაწილეობას იღებდა ალცჰეიმერის დაავადების სამეცნიერო კვლევებში პროფესორ მ. ლინისა და ბ. ფლინტის ხელმძღვანელობით. 2005 წლიდან კი მარიკა თოიძე საქართველოში დაბრუნდა და მოღვაწეობა კავშირ „დოსტაქარისა“და სს „საჩხერის რაიონული საავადმყოფო–პოლიკლინიკური გაერთიანების“ სამედიცინო დირექტორის პოზიციაზე გააგრძელა. 2009 წლიდან ის დავით ტვილდიანის უმაღლესი სამედიცინო სკოლის პროფესორია შინაგან მედიცინასა და რევმატოლოგიაში. 2013 წლიდან მარიკა თოიძე ხელმძღვანელობდა სადაზღვევო კომპანია „ალდაგის“ პირველადი ჯანდაცვის მართვის განყოფილებას. იმავე წელს ის ევექსის გუნდს შინაგანი მედიცინისა და ამბულატორიულ-დიაგნოსტიკური სერვისების მართვის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობით შეუერთდა. 2018 წლიდან დღემდე კი კავკასიის მედიცინის ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილეა. ასევე, ქსელის სამკურნალო-დიაგნოსტიკური ცენტრის დირექტორის პოსტს ითავსებს.
მარიკა თოიძე გახლდათ საქართველოს გადაუდებელი მედიცინის ექიმთა კოლეჯის ბაზაზე აკრედიტებული PHTLS-ის პროგრამის სამედიცინო დირექტორი ამიერკავკასიის რეგიონში. ის დღემდე გახლავთ ამერიკის ანესთეზიოლოგთა ასოციაციის აკრედიტებული კურსის, FCCS-ის სამედიცინო დირექტორი საქართველოში. მარიკა თოიძე არის რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი მედიცინისა და ჯანდაცვის ორგანიზების მიმართულებით. ასევე, აქვს საავტორო აკრედიტებული პროგრამები ექიმთა უწყვეტი სამედიცინო განათლების სფეროში. გარდა ამისა, მარიკა თოიძე ხელმძღვანელობდა მასაჩუსეტსის მთავარი ჰოსპიტლის შინაგანი მედიცინის სახელმძღვანელოს („გზამკვლევი შინაგან მედიცინაში“) პირველი ქართული ლიცენზირებული თარგმანის სარედაქციო კოლეგიას, რომელიც გამოიცა „საქართველოს მაცნეს“ მიერ.
მარიკა თოიძე არის სახელმწიფო ექსპერტთა კორპუსის წევრი. ის ფლობს ლიცენზიებს შინაგან მედიცინასა და რევმატოლოგიაში და აგრძელებს მოღვაწეობას როგორც კლინიკური, ასევე - აკადემიური მიმართულებით. ის მონაწილეობას იღებს აშშ-ს უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამაში და პროფესიულ საერთაშორისო კონფერენციებში. აგრეთვე, იგი არის პირველადი ჯანდაცვის განვითარების საერთაშორისო კონფერენციების ორგანიზატორი საქართველოში.