COVID -19 პანდემიის პირობებში, ცხოვრება ბევრი ადამიანისთვის გარკვეულ სტრესთან ასოცირდება. ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები ვირუსის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ზეგავლენაა ადამიანებზე, რომლებმაც გადაიტანეს ვირუსი, ან იმყოფებიან თვითიზოლაციაში ან უბრალოდ უჩვეულო, შეზღუდვებით სავსე გარემო პირობებთან უწევთ ადაპტირება
ფსიქიკური ჯანმრთელობა პანდემიის პირობებში - პროექტის მიზანია, დავეხმაროთ კოვიდ-გადატანილ პირებს პოსტ-კოვიდ სტრესის და რთული ფსიქო-ემოციური მდგომარეობის მართვაში, ხოლო თვითიზოლაციაში მყოფ პირებს თავისუფალი დროის ეფექტურად გამოყენებაში და არსებული მდგომარეობის დადებითი ასპექტების გაცნობიერებაში
პროექტის ვებინარების სერია 4 ნაწილად ჩატარდება
პირველი ვებინარის სპიკერი: თამარ თანდაშვილი "რა მიმართულებით შეცვლის ჩვენს ცხოვრებას კოვიდი და როგორ უნდა მოვემზადო მომავლისთვის" საკუთარი თავთან ურთიერთობის ფილოსოფიასა და პრაქტიკას, თვითლმობიერება უდევს საფუძვლად. ეს არის, არა მხოლოდ თვითგადარჩენის, არამედ ხალისიანად და შინაარსიანად ცხოვრების უნარი, რომლის გათავისება ყველა ადამიანის ფსიქეს ძალუძს.
ჩვენ არ გვაქვს არჩევანი იმის თაობაზე, თუ რა კატაკლიზმებს მოგვიტანს სამყარო და როგორი დრამატული მოვლენები მოხდება ჩვენს თავს. ტრავმის გამომწვევ მიზეზებს ჩვენ ვერ გავაკონტროლებთ, რადგან ცხოვრება არაპროგნოზირებადია.
სამაგიეროდ, ჩვენ შეგვიძლია ვისწავლოთ არასასურველ მოვლენაზე ჩვენი ემოციური პასუხის კონტროლი; ეს ყველაზე რთული მეცნიერებაა სხვა დანარჩენს შორის, თუმცა - ყველაზე ჩამთრევი, ყველაზე ღრმა და ყველაზე განმათავისუფლებელიც.
ჩვენ შეგვწევს ძალა, რომ საკუთარი ცხოვრების ავტორები ვიყოთ და არა ეპიზოდური როლის შემსრულებელი "გმირები".
ვებინარი ჩატარდა 15 იანვარს
მეორე ვებინარის სპიკერი: პაატა პაპავა "ერთი პატარა ნაბიჯი" "რატომ უნდა ვიზრუნოთ უწყვეტად საკუთარ და სხვათა ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე? როგორ შევინარჩუნოთ მენტალური სიმტკიცე ძლიერი სტრესებით გაჯერებულ ვითარებებში? რა გზებით ჩავნერგოთ ფსიქიკური ჯანმრთელობის თემა პიროვნული განვითარების „პროგრამებში“?
საკითხებში ჩაღრმავებას ხორციელდება ფსიქიკური ჯანმრთელობის კიბით, რომელზეც უკლებლივ ყველანი ვდგავართ. სამყარო და ცხოვრება იმგვარადაა მოწყობილი, რომ დაზუსტებით ვერავინ იტყვის, როდის რომელ მხარეს გადავინაცვლებთ ამ კიბეზე.
საუბარს განვაგრძობთ მენტალური ჯანმრთელობის ხელშემწყობი საკვანძო ფაქტორებით. ვებინარის ბოლოს გამოვიყენებთ ქოუჩინგის პრაქტიკულ ტექნიკას და დავსახავთ კონკრეტულ ნაბიჯებს, რომლებსაც მენტალური სტაბილურობა და ფსიქიკური ჯანმრთელობა მოაქვს შედეგად."
ვებინარი ჩატარდა 22 იანვარს
მესამე ვებინარის სპიკერი:
ანდრო დგებუაძე
"ტატ ტუამ ასსი - სიყვარულის გასაღები"
"აღმოსავლურ ფილოსოფიაში არის ერთი გამოთქმა რომლითაც შეიძლება მთელი საუკუნეების სიბრძნე ერთიანად გამოთქვა. ეს არის ფრაზა რომელიც ინდურად ჟღერს როგორც "ტატ ტუამ ასსი" და ნიშნავს "მე ვარ ის", ან უბრალოდ "მე ვარ".
ინდოეთში ითვლება რომ თუ ეს აზრი გაიგეთ - მაშინ ყველაფერი გაიგეთ და უკვე თავისუფალი და ბედნიერი ხართ.
"ტატ ტუამ ასსი"-ის როდესაც ვხსნი, ფსიქიატრები მეუბნებიან რომ ეს ფსიქიატრიის უმაღლესი მწვერვალია, ქრისტიანები ამბობენ რომ ესაა ქრისტიანობა, ფიზიკოსების კი იმას იჩემებენ რომ კვანტურ ფიზიკას ვერ გაიგებ თუ ვერ მიხვდი რა არის "ტატ ტუამ ასსი". ჩემთვის კი ეს არის ის უნივერსალური გასაღები, რომლითაც ყველა კარები იხსნება.
დღესაც, როცა გამოკეტილები ვართ და სხვა არაფერი დაგვრჩენია თუ არადა თვალი გავუსწოროთ საკუთარ თავს, დავრჩეთ მარტო და გადავხედოთ წარსულს და ვიფიქროთ მომავალზე - მიმაჩნია რომ "ტატ ტუამ ასსი" იქნება ის ძაფი რომლითაც თავს დავაღწევთ ამ დაუსრულებელ ფიქრის ლაბირინთს."
ვებინარი ჩატარდა 29 იანვარს
პროექტისთვის ილუსტრაციები შექმნა მაია სუმბაძემ