ონკოპაციენტი აფხაზეთიდან, რომელმაც ძუძუს ავთვისებიანი კიბოსგან გათავისუფლება შეძლო
12 Октябрь 2022
ლიკა მარღანია აფხაზეთიდან სამკურნალოდ თბილისში ჩამოვიდა. 35 წლის ქალის ისტორია 4 წლის წინ, მარცხენა მკერდის არეში წანაზარდის აღმოჩენით დაიწყო და თითქმის 3 წლის განმავლობაში დიაგნოსტიკური პროცედურებით შემოიფარგლებოდა. ყვება, რომ საავადმყოფოში ყოველ ჯერზე მისულს, ექიმები უკან აბრუნებდნენ სიტყვებით, რომ საშიში არაფერი იყო და საჭირო გახლდათ მხოლოდ პერიოდული მონიტორინგი.
მოგვიანებით წანაზარდი ზომაში გაიზარდა და ორივე ძუძუს არეში გაჩნდა. ახალგაზრდა ქალი ახლობლის რეკომენდაციით თბილისში ჩამოვიდა და კავკასიის მედიცინის ცენტრს ეწვია. კლინიკური ონკოლოგიის დეპარტამენტში მას ყველა საჭირო გამოკვლევა ჩაუტარდა, მათ შორის განხორციელდა როგორც ორივე ძუძუს ბიოფსია, ასევე - მოლეკულურ-გენეტიკური კვლევა, რამაც სიმსივნის გენეტიკური განწყობა დაადასტურა.
„ავთვისებიანი სიმსივნე მესამე სტადიის იყო და აგრესიულად ვითარდებოდა. საჭირო გახლდათ სასწრაფო ჩარევა და პაციენტის მომზადება ხანგრძლივი და კომპლექსური მკურნალობისთვის. კლინიკური ონკოლოგიის დეპარტამენტის მულტიდისციპლინურმა გუნდმა, საწყის ეტაპზე, ქიმიოთერაპიის ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო. ჩატარდა სულ 8 კურსი, რის შედეგადაც სიმსივნური წარმონაქმნები ზომაში მნიშვნელოვნად შემცირდა. შემდეგ დაიგეგმა ოპერაცია - ორივე ძუძუს მასტექტომია და რეკონსტრუქცია, რაც ონკომამოლოგმა და ქირურგმა, გიორგი კეჭყემაძემ წარმატებით განახორციელა, - იხსენებს ლიკას მკურნალი ექიმი, კლინიკური ონკოლოგი ივანე კილაძე.
ლიკა მარღანია ამჟამად ჰორმონოთერაპიის კურსს გადის და თავს ჯანმრთელად გრძნობს. მისი სიცოცხლის ხარისხი შენარჩუნებულია ისევე, როგორც აღმოფხვრილია ყველა შესაძლო სახის ვიზუალური დისკომფორტი. 35 წლის ქალი დღეს თავს სრულფასოვნად გრძნობს და ამბობს, რომ სიმსივნის მკურნალობის პროცესში უდიდესი მნიშვნელობა განწყობას აქვს.
Поделиться этой страницей