ჯერ მადა დაკარგა, იგრძნო ძლიერი სისუსტე. შემდეგ კვების გაძნელების პრობლემა გაუჩნდა, მუცელმა ზომაში მოიმატა და შებერილობის დისკომფორტიც შეექმნა. ნაირა ტაბატაძე კავკასიის მედიცინის ცენტრში შეშინებული მივიდა. სურდა, მისი შიში ექიმებს გაექარწყლებინათ. მცირე მენჯის ღრუს და მუცლის ღრუს მაგნიტურ-რეზონანსულმა ტომოგრაფიამ საკვერცხეების ბილატერალური წარმონაქმნი გამოავლინა, რომელიც ბადექონსა და პერიტონეუმის ქსოვილზეც იყო გავრცელებული. გამოკვლევებმა დაადასტურა ასციტის არსებობაც, რაც პერიტონეუმის ღრუში სითხის პათოლოგიურ დაგროვებას გულისხმობს. სადიაგნოსტიკო ლაპარასკოპიით დიაგნოზი შეფასდა, როგორც საკვერცხის მაღალი ხარისხის ავთვისებიანობის მქონე სეროზულ-პაპილური კარცინომა, მეტასტაზური იმპლანტებითბადექონსა და პერიტონეუმის ქსოვილში.
დაავადების გავრცელების მასშტაბის ფონზე, ონკოლოგმა ლიკა კაცელაშვილმა კონსილიუმთან ერთად მიიღო გადაწყვეტილება, ქიმიოთერაპიის სამი კურსი ჩაეტარებინა, რადგან იმ ეტაპზე ოპერაციული მკურნალობა შეუძლებელი იყო. მკურნალობის შედეგად პაციენტის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, რის შემდეგაც ოპერაცია დაიგეგმა. ონკოქირურგმა, არჩილ შარაშენიძემ განახორციელა რადიკალურიჰისტერექტომია დანამატებით და ომენტექტომიით, რაც სიმსივნის სრულად ამოღებას გულისხმობს.
ნაირა ტაბატაძე დღეს თავს კარგად გრძნობს და პროფილაქტიკური მკურნალობის ქვეშ რჩება. რაც მთავარია, ექიმებმა მისცეს იმედი და ის ცხოვრებას ჩვეულ რიტმში განაგრძობს.