სიახლე
იაგო ცერცვაძე Penumbra-ს მექანიკური თრომბექტომიის სერტიფიცირებული ტრენერი გახდა
16 სექტემბერი 2021
დაიწყეთ აპლიკაციის შევსება აქ:
დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრის ნეიროქირურგი და ევექსის ჰოსპიტალური ქსელის ნევროლოგია-ნეიროქირურგიის სამედიცინო ექსპერტთა საბჭოს წევრი, იაგო ცერცვაძე Penumbra-ს მექანიკური თრომბექტომიის სერტიფიცირებული ტრენერი გახდა. აღნიშნული კვალიფიკაცია მან მწვავე იშემიური ინსულტის მართვისა და ენდოვასკულური მკურნალობის საერთაშორისო სემინარზე მიიღო, რომლის ფარგლებშიც დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრს საერთაშორისო სამედიცინო ორგანიზაცია Penumbra-ს მიერ ინსულტის მართვის საერთაშორისო ტრენინგ ცენტრის სტატუსი მიენიჭა.
სემინარს უცხოელი და ქართველი სპეციალისტები, მათ შორის ნეიროქირურგი იაგო ცერცვაძე და ნევროლოგი თამარ ჯანელიძე უძღვებოდნენ. უცხოეთიდან კი ონლაინ პლატფორმით ჩაერთნენ სტამბოლის კვლევისა და ტრენინგის საუნივერსიტეტო კლინიკის ნეიროინტერვენციონისტი, ონურ ილმაზი და ვალდებრონის საუნივერსიტეტო კლინიკის ნეიროინტერვენციონისტი, დავიდ ჰერნანდესი. თეორიულ სწავლებასთან ერთად, სემინარი პრაქტიკულ კურსსაც მოიცავდა. ონლაინ რეჟიმში ნაჩვენები იყო მექანიკური თრომბოექსტრაქციის მანიპულაცია, რომელიც ანატომიურ მოდელზე ჩატარდა.
ინსულტის მართვის საერთაშორისო ტრენინგ ცენტრის სტატუსით დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი მომავალში არა მხოლოდ ქართველი, არამედ უცხოელი კოლეგებისთვისაც გეგმავს საერთაშორისო სემინარების მოწყობას, რომელიც უზრუნველყოფს პრაქტიკულ (hands on workshop) და თეორიულ კურსებს. საქართველოს მხრიდან სემინარებს ნეიროქირურგი იაგო ცერცვაძე და ნევროლოგი თამარ ჯანელიძე გაუძღვებიან.