არითმია, ანუ არარეგულარული გულისცემა, გულის ნორმალური რიტმის ნებისმიერი ტიპის დარღვევას ეწოდება. ფიზიოლოგიურად გულისცემის სიხშირე შეიძლება გაიზარდოს ფიზიკური აქტივობის შესაბამისად ან შემცირდეს მოსვენებისა და ძილის დროს. ასევე, გულისცემის გამოტოვების იშვიათი შეგრძნება, უმეტესწილად არ უკავშირდება პათოლოგიურ ცვლილებებს, თუმცა, ხშირი არარეგულარული რითმი ძირითადად მიგვანიშნებს არითმიებზე, რა დროსაც გულისცემის პათოლოგიური ცვლილების გამო, ორგანოები ვერ მარაგდება საკმარისი რაოდენობის სისხლით.
გულის ნებისმიერი სტრუქტურული დაავადება, იშემიური და თანდაყოლილი მანკები არითმიის ჩამოყალიბების წინაპირობას ქმნის. შესაძლოა არითმია არ იყოს კავშირში გულის პათოლოგიურ ცვლილებებთან და მის ჩამოყალიბებას ხელი შეუწყოს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონალურმა მოშლილობამ ან ფსიქო - ემოციურმა დარღვევამ, აგრეთვე გადატანილმა ინფექციურმა დაავადებებმა, რომლებიც იწვევენ მიოკარდიტებს და გართულების სახით რჩება არითმია.
არითმიები ხასიათდება დაბალი ან მაღალი სიხშირის გულისცემით ან არარეგულარული რითმით. შესაბამისად არითმია არ წარმოადგენს ერთ კონკრეტულ დაავადებას და იგი კატეგორიზდება
გულისცემის სიხშირის მიხედვით:
ბრადიარითმიები - როდესაც გულისცემის სიხშირე არის 1წთ-ში 60 დარტყმაზე ნაკლები;
ტაქიარითმიები - ხასიათდება ხშირი გულისცემით, 1 წთ-ში 90 დარტყმაზე მეტი;
ლოკალიზაციის მიხედვით იყოფა სუპრავენტიკულურ (პარკუჭზედა) და პარკუჭოვან არითმიებად.
პარკუჭზედა არითმიები მოიცავს:
წინაგულოვან ტაქიკარდიას;
წინაგულოვან ექსტასისტოლიას;
წინაგულების თრთოლვას;
მოციმციმე არითმიას, ანუ წინაგულების ფიბრილაციას;
წინაგულ-პარკუჭოვან კვანძოვან ტაქიკარდიას;
თანდაყოლილ ვოლფ-პარკინსონ უაიტის სინდრომს (დამატებითი ელექტრული იმპულსის გამტარი გზის არსებობა წინაგულებსა და პარკუჭებს შორის).
პარკუჭოვანი არითმიების ჯგუფს მიეკუთვნება:
პარკუჭოვანი ექსტრასისტოლია;
პარკუჭოვანი ტაქიკარდია;
პარკუჭების ფიბრილაცია.
რაც შეეხება დაბალი გულისცემის სიხშირით მიმდინარე არითმიას (ბრადიარითმიებს), აღნიშნულ ჯგუფში ერთიანდება:
სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომი (რომლის დროსაც სინუსური კვანძი, გულის ბუნებრივი რიტმის მიმცემი სტრუქტურა, არ მოქმედებს სათანადოდ);
წინაგულ-პარკუჭოვანი ბლოკადა - როცა წინაგულებიდან პარკუჭების მიმართულებით არ ტარდება იმპულსი. (განირჩევა 1-ელი, მე-2 და მე-3 ხარისხის, ანუ სრული ავ ბლოკადა)
ხშირად არითმიები უსიმპტომოდ მიმდინარეობს. თუმცა სიმპტომების გამოვლინების დროს პიროვნება შეიძლება გრძნობდეს არარეგულარულ გულისცემას, პაუზას დარტყმებს შორის, აგრეთვე აჩქარებულ პულსაციას, თრთოლას, რასაც გულის პალპიტაცია ეწოდება. არითმიების სიმპტომები ისეთი ფორმებითაც შეიძლება გამოვლინდეს, როგორიცაა:
შფოთვა;
ტკივილის ან დისკომფორტის შეგრძნება გულმკერდის არეში;
დაბნეულობა;
სუნთქვის გაძნელება;
თავბრუსხვევა, დაღლილობა და ზოგადი სისუსტე;
გონების კარგვა.
მნიშვნელოვანია, ინდივიდი დააკვირდეს, რა დროს და რამდენად ხშირად იჩენს თავს აღნიშნული სიმპტომები. როგორც ვახსენეთ, არითმიები უსიმპტომო მიმდინარეობითაც ხასიათდება, სწორედ ამიტომ რეკომენდებულია სკრინინგი, მამაკაცების შემთხვევაში 40 წლის ასაკის ზევით, ხოლო ქალებში - მენოპაუზის შემდგომ. დაავადების დროული გამოვლინება მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მკურნალობის ხარისხსა და დადებით გამოსავალზე.
არითმიების სადიაგნოსტიკოდ გამოიყენება ელექტროკარდიოგრაფია (ეკგ) და ჰოლტერი 24 და 48 საათიანი მონიტორინგი). ხოლო, კავკასიის მედიცინის ცენტრი ერთ-ერთია იმ მცირე რაოდენობის ჰოსპიტლებთაგან, სადაც არითმიების სადიაგნოსტიკოდ და სამკურნალოდ გამოიყენება - 3D კარტირების სისტემა, რომლის მეშვეობითაც ხდება გულის საკნების 3D ელექტრო-ანატომიური რუკის აგება, რაც განაპირობებს არითმიის კერის აღმოჩენას უდიდესი (1-2 მილიმეტრი) სიზუსტით.
კავკასიის მედიცინის ცენტრი აღჭურვილია მდიდარი ტექნიკური ბაზით, რაც არითმიების მკურნალობის სრულყოფილ შესაძლებლობას ქმნის, კერძოდ:
ბრადიარითმიების სამკურნალოდ ხორციელდება კარდიოსტიმულატორების იმპლანტაცია;
ტაქიარითმიების დროს - რადიოსიხშირული აბლაცია და კრიო აბლაცია, რომლებიც წარმოადგენენ უსისხლო, მინი ინვაზიურ ჩარევას, გვაძლევს საშუალებას, აღმოვაჩინოთ და სრულიად გავანადგუროთ არითმიის კერები გულში.
გულის უკმარისობის მკურნალობის მიზნით კარდიო-რესინქრონიზაციული თერაპია (3 კამერიანი კარდიოვერტერ დეფიბრილატორის იმპლანტაცია), უტარდება პაციენტებს მკვეთრად დაქვეითებული მარცხენა პარკუჭის განდევნის ფრაქციით (სისხლის მიმოქცევის მნიშვნელოვანი დარღვევა) და გულის ელექტროგამტარებლობის დარღვევით (ჰისის კონის მარცხენა ფეხის სრული ბლოკადა).