OOPS!
YOUR BROWSER IS NOT SUPPORTED
To view this page, please use one of these browsers
News

News

მსოფლიო დონის თორაკოქირურგის უნიკალური ოპერაციები კავკასიის მედიცინის ცენტრში და პირდაპირი ტრანსლირება საოპერაციო ბლოკიდან

27 January 2022
მსოფლიო დონის თორაკოქირურგის უნიკალური ოპერაციები კავკასიის მედიცინის ცენტრში და პირდაპირი ტრანსლირება საოპერაციო ბლოკიდან
25 იანვარს კავკასიის მედიცინის ცენტრს ცნობილი თორაკოქირურგი, დიეგო გონსალეს რივასი ეწვია. ვიზიტის ფარგლებში სპეციალისტმა საქართველოში პირველად ჩაატარა რამდენიმე უნიკალური ოპერაცია და ქართველი კოლეგებისთვის თორაკოქირურგიაში უახლესი მეთოდის - უნიპორტალური მიდგომის მასტერკლასიგამართა.


უნიპორტალური მიდგომა მინიინვაზიური მეთოდია, რომელიც ოპერაციის ჩატარებას ერთი, 5 სანტიმეტრიანი განაკვეთით გულისხმობს. ქირურგიული ჩარევა მოიაზრებს საოპერაციო ინსტრუმენტებისა და სპეციალური კამერის გამოყენებას. აღნიშნული მეთოდოლოგიის დანერგვა თორაკალურ ქირურგიაში სწორედ ესპანელი ექიმის, დიეგო გონსალეს რივასის სახელს უკავშირდება. 15-წლიანი გამოცდილების მქონე სპეციალისტმა სახელი კიდევ არა ერთი ინოვაციური მიდგომით გაითქვა. მათ შორის, ის გახდა პირველი ქირურგი მსოფლიოში, რომელმაც ფილტვის ერთპორტიანი ოპერაცია (2014 წლის აპრილში) ინტუბაციის გარეშე ჩაატარა. ასევე, 2016 წელს მან ერთპორტიანი რეზექცია არტიკულირებული რობოტული მკლავისგამოიყენებით განახორციელა, რაც გულისხმობს ოპერაციას ასისტენტირების გარეშე.


დიეგო გონსალეს რივასი კავკასიის მედიცინის ცენტრს ქართველი კოლეგების, ირაკლი კობიძისა და გიგა ფარფალიას ინიციატივით ეწვია. სწორედ ახალგაზრდა თორაკოქირურგების ძალისხმევით დაიგეგმა და განხორციელდა 3 თორაკალური ოპერაცია ექიმ რივასის უნიპორტალური მიდგომით, რომლის პირდაპირი ტრანსლაციაც ჰოსპიტლის საკონფერენციო დარბაზში ყველა მსურველისთვის იყო ხელმისაწვდომი.


„უნიპორტალური მიდგომა ამცირებს ჰოსპიტალიზაციის ხანგრძლივობას და მნიშვნელოვნად აუმჯობესებს პაციენტის დადებით გამოსავალს. ვცდილობთ, მაქსიმალურად გამოვიყენოთ ესპანელი კოლეგის ცოდნა და გამოცდილება, რათა თორაკალურ ქირურგიაში უნიპორტალური მიდგომა ჩვენც დავნერგოთ და უახლესი პერიოდიდან პაციენტებს სიახლე შევთავაზოთ,“- ამბობს ზოგადი და თორაკალური ქირურგი, ირაკლი კობიძე.


თორაკოქირურგ გიგა ფარფალიას თქმით კი, დიეგო გონსალეს რივასთან თანამშრომლობის ფარგლებში კიდევ ბევრი საინტერესო აქტივობის დაგეგმვაა შესაძლებელი. ამ ეტაპზე, ესპანელი ექიმი, საჭიროების შემთხვევაში, ჰოსპიტლის თორაკალური ქირურგების, პულმონოლოგებისა და ზოგადი ქირურგების გუნდს კონსულტირებას უწევს და განსაკუთრებით რთული სამედიცინო შემთხვევების მართვაშია ჩართული.


„კავკასიის მედიცინის ცენტრი მოხარულია, რომ მსოფლიო დონის ქირურგს უმასპინძლა და ქართველ ექიმებს მისცა შესაძლებლობა, უნიკალური ოპერაციების პირდაპირი ტრანსლირებისთვის ედევნებინა თვალი ისევე, როგორც - თავად ამ უნიკალური მიდგომის ფუძემდებლისგან მიეღო პროფესიული ცოდნა და გამოცდილება. 2022-2023 წლებში ჩვენ არსებული სერვისების გაძლიერება და ახალი სერვისების დანერგვა გვსურს, რის ფარგლებშიც პულმონოლოგიისა და თორაკალური ქირურგიის განვითარება სწორედ ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიზნად გვესახება,“ - აცხადებს კავკასიის მედიცინის ცენტრის სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბის ხელმძღვანელი, პროფესორი მარიკა თოიძე.


საქართველოში ვიზიტი დადებითად შეაფასა თავად დიეგო გონსალეს რივასმაც: „კავკასიის მედიცინის ცენტრი კეთილმოწყობილი ჰოსპიტალია, სადაც არის ყველაფერი პაციენტებისთვის მკურნალობის მაღალი სტანდარტის შესათავაზებლად. მოხარული ვარ, რომ მსოფლიოს ქვეყნებთან თანამშრომლობის ფარგლებში ამჯერად სწორედ აქ, თბილისში აღმოვჩნდი და ვიზიტის განმეორებას უახლოეს პერიოდში ვგეგმავ,“- განაცხადა ესპანელმა ქირურგმა.


აღსანიშნავია, რომ ფილტვის დაავადებების მკურნალობის მხრივ კავკასიის მედიცინის ცენტრი პაციენტებს 24-საათიან გეგმიურ თუ ურგენტულ სტაციონარულ მომსახურებას სთავაზობს ისევე, როგორც ხელმისაწვდომია სრულფასოვანი ამბულატორიული სერვისი. 2022 წლიდან ჰოსპიტალში ამ მიმართულებით არა ერთი სიახლის დანერგვაა დაგეგმილი.