კავკასიის მედიცინის ცენტრში კოვიდ-გადატანილი პაციენტებისთვის პოსტკოვიდური მართვის ცენტრი ფუნქციონირებს, რომელიც უახლესი საერთაშორისო გაიდლაინების თანახმად კორონავირუსის შემდგომი ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგსა და შესაბამის მკურნალობას ითვალისწინებს. კვლევები ცხადყოფს, რომ კორონავირუსი ადამიანის ორგანიზმზე მრავალმხრივ კვალს ტოვებს და ხშირად მისი გართულებების მართვა გაცილებით რთულია, ვიდრე - უშუალოდ ინფექციის მწვავე პერიოდისა. სწორედ ამ მიზნით, ცენტრში ვირუსის შემდგომი გართულებების შეფასება თუ ინფექციით გამოწვეული ყველა შესაძლო დარღვევის დროული გამოვლენა/მკურნალობა ხორციელდება. პაციენტებისთვის ხელმისაწვდომია:
- თერაპევტის/ოჯახის ექიმის კონსულტაცია;
- ლაბორატორიული კვლევების სრული სპექტრი;
- ინსტრუმენტული კვლევების სრული სპექტრი;
- რეაბილიტაციის კურსი;
- ჯგუფური და ინდივიდუალური ფსიქოლოგიური სეანსები;
კოვიდ-გადატანილი პაციენტების ჯანმრთელობაზე ექიმების მულტიდისციპლინური გუნდი ზრუნავს. აღნიშნულ ცენტრში რევმატოლოგიურ მიმართულებას (ძვალ-სახსროვანი სისტემების მეთვალყურეობა-მართვა) პროფესორი მარიკა თოიძე უდგას სათავეში, ნევროლოგთა მაღალკვალიფიცურ გუნდს კი ხატია გვანცელაძე ხელმძღვანელობს. პოსტ-კოვიდ სიმპტომებში ხშირად ფიქსირდება მხედველობის დაქვეითება და სხვადასხვა სახის გართულება, რის გამოც პაციენტებს ხშირად ოფთალმოლოგიური მომსახურება ესაჭიროებათ. ამ კუთხით ცენტრში ხელმისაწვდომია სრულფასოვანი ოფთალმოლოგიური სერვისი პროფესორ მიშა ომიაძისა და მიხეილ გაბრიჩიძის ხელმძღვანელობით. აღსანიშნავია კარდიოლოგიური გართულებების სიხშირეც კოვიდ-გადატანილ პაციენტებშიც, რის გამოც ცენტრი დაკომპლექტებულია კარდიოლოგთა მძლავრი გუნდით მედიცინის აკადემიური დოქტორის, სოფიო წიქარიშვილის თაოსნობით. რადიოლოგიურ მიმართულებას კი ნიკოლოზ საინიშვილი ხელმძღვანელობს. ასევე, უნდა აღინიშნოს გამოცდილი და ყველასთვის ცნობილი ოჯახის ექიმი, ზურა ჭყონია, რომელიც პაციენტებს მაღალკვალიფიციურ მომსახურებას უწევს.
გარდა ამისა, პოსტ-კოვიდ ცენტრში ხორციელდება ჯგუფური ფსიქოლოგიური სეანსები, რაც ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს ფსიქიკური ჯანმრთელობის მართვის კუთხით. მკურნალობა ინდივიდუალური მიდგომით იგეგმება და ითვალისწინებს რეაბილიტაციის კურსსაც საქართველოს ბალნეოლოგიურ კურორტებზე. ასევე, მოსახლეობის მხარდაჭერის მიზნით პოსტ-კოვიდ სქრინინგის პაკეტი საჩუქრად გადაეცემათ იმ კოვიდ-გადატანილ პაციენტებს, რომლებმაც კავკასიის მედიცინის ცენტრის სტაციონარულ განყოფილებაში იმკურნალეს. რაც ყველაზე მთავარია, ცენტრში შესაძლებელია როგორც ამბულატორიული, ისე - სტაციონარული მომსახურების ერთ სივრცეში მიღება.
კვლევების თანახმად, კოვიდ-გადატანილი პაციენტებში ძირითად სიმპტომებს შორის ზოგადი სისუსტე, ძვალ-სახსართა დისკომფორტი, თავის ტკივილი და დეპრესიული მდგომარეობა შედის. გართულებები განსაკუთრებით ხშირია რისკ-ჯგუფში შემავალი ადამიანებისთვის, რომელთაც აღენიშნებათ შაქრიანი დიაბეტი, არტერიული ჰიპერტენზია, ჭარბი წონა, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები და სხვა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის თანახმად, ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება რეკომენდებულია მათთისაც, ვისაც კოვიდ 19-ის გადატანის შემდგომ ჩივილები არ აღენიშნებათ.